ორი ბირთვული სახელმწიფო ომის ზღვარზეა. სამხედრო დაპირისპირებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს როგორც პაკისტანი, ისე - ინდოეთი.
ომისთვის ემზადება მოსახლეობაც. ადგილობრივები უკვე თავშესაფრებს ამზადებენ. ამ დროისთვის, ყველაზე რთული სიტუაცია სადავო რეგიონ ქაშმირშია.
ქვეყნებს შორის შესაძლო შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ აქტიურად საუბრობენ ექსპერტები. მათი შეფასებით, სამხედრო აღჭურვილობის გათვალისწინებით, ამჯერად, უპირატესობა ინდოეთს აქვს. ქვეყანამ სამხედრო წვრთნებიც დაიწყო, მთავრობის განცხადებები კი პაკისტანის მისამართით დღითიდღე მკაცრდება.
სამხედრო წვრთნებს ატარებს კონფლიქტში მონაწილე მეორე ქვეყანა, თუმცა პაკისტანის მიერ ადმინისტრირებული ქაშმირის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის მედიაციაში მეგობარი ქვეყნები მალე ჩაერთვებიან.
განცხადებებს აკეთებენ მსოფლიო ლიდერები - ოფიციალური პეკინი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მიმდინარე პროცესებს აკვირდება ამერიკაც. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი იმედს გამოთქვამს, რომ მოვლენები ფართო რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზრდება.
რა მოხდება ჯერ არავინ იცის, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე პერიოდულად ისევ ისმის სროლის ხმა და დაძაბულობაც დღითიდღე იმატებს.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირება გასულ საუკუნეში 3-ჯერ უკვე მოხდა, თუმცა, წარსულისგან განსხვავებით, ახლა ამ ორ ქვეყანას ბირთვული არსენალი გააჩნია.
ავტორი: ნათია ჩეხერია