"ვფიქრობ, დაგვთანხმდებიან" - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტის შეკითხვას, განიხილავს თუ არა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უკრაინაში 30 დღიან ზავზე უარს იტყვის. პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა არც ის გამორიცხა, რომ ხუთშაბათს, სტამბოლში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას დაესწრება.
კრემლში, ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე განცხადება, დღის ბოლოს, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერს არ უთქვამს, მიიღო თუ არა პუტინმა 15 აპრილს ზელენსკისგან პირდაპირი შეხვედრის წინადადება. პესკოვი ამბობს, რომ სტამბოლში, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები წინასწარი პირობების გარეშე უნდა შედგეს. ამასთან ერთად, კრემლისთვის მიუღებელია უკრაინის მოკავშირეების გამოცხადებული კოორდინირებული პოზიცია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტაზე უარის შემთხვევაში, რუსეთისთვის ერთობლივი სანქციების დაწესებას გულისხმობს.
თუ მიმდინარე დღის ბოლომდე რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს არ შეაჩერებს, ევროპა ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებს. კიევის მოკავშირეების ერთობლივი განცხადება დღეს გერმანიის ახალმა მთავრობამ გაახმოვანა. უკრაინის მოკავშირეები რუსეთისგან, სულ მცირე, 30 დღით ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მედიის ცნობით, სანქციების ახალ, 17 პაკეტს ევროკავშირის ქვეყნები უკვე ორ დღეში გამოაცხადებენ.
რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს ლონდონშიც. "ვაიმარი +" ის პლატფორმის შეხვედრაზე დღეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
ცნობილია კიევის პოზიციაც. ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს სტამბოლში იმ შემთხვევაშიც ჩავა, თუ რუსეთი დღეიდან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.
სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება. რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებს ყოველდღიურად ბომბავს. დღეს, ოკუპანტის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა სუმის, ოდესის და დონეცკის რეგიონებში. არიან დაჭრილები. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.