
პუტინთან სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, დონალდ ტრამპი ესაუბრა ევროპელ ლიდერებსაც. ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და უკრაინის პირველმა პირებმა, ევროკავშირის ლიდერებთან ერთად შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის გზები განიხილეს. მალევე, პოლიტიკოსებმა გააკეთეს განცხადებებიც. რომი მზადაა, შეიტანოს თავისი წვლილი კონტაქტების ხელშეწყობასა და მშვიდობისთვის მუშაობაში, ამბობს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.
მოსკოვზე შესაძლო ზეწოლის გაზრდასა და სანქციებზე საუბრობს გერმანიის კანცლერი. ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროპა მხარს დაუჭერს უკრაინას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე.
თავად ევროკავშირის წარმომადგენელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, დონალდ ტრამპს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ვაშინგტონი მოლაპარაკებების პროცესში დარჩეს.
დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ გაიმართა.