თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას მსჯავრდებულიც ესწრებოდა. მან დაკავების დეტალებზე პირველად ისაუბრა, თქვა, რომ გაიტაცეს და ამ საქმეზე გამოძიებას ითხოვს.
"მინდა ვთქვა, რომ არანაირად არ ვარ დამნაშავე არცერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო დაფიქსირებული. შაბათს, 24 მაისს, მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს, შემდეგ მოტაცებული ჩამტენეს "აირზენას" თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამომიყვანეს საქართველოში.
ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები. გთხოვთ, ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. მე ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას", - აღნიშნა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე.
ოფიციალური ინფორმაციით, ბაჩიაშვილი 26-ს მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ეგრეთწოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავა. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
პარალელურად, მას ბრალი აქვს წაყენებული კიდევ ორ მიმდინარე საქმეზე, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთას და "მტკვარი-ჰესს" ეხება.