11 აგვისტო 2026,   13:48
ვრცლად
100-ზე მეტ ქვეყანას შორის საქართველო - აშშ-ში უმაღლესი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისათვის უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა. NAFSA 2025-ის გამოფენაზე ქართულმა და იაპონურმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა საერთო მიზნები დასახეს და თანამშრომლობა დაიწყეს.

საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთად, ახალ პროექტებზე იმუშავებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც. რაც ქართველ სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებასა და ახალი გამოცდილების შეძენაში დაეხმარება.

ცნობადობის გაზრდა, ახალი თანამშრომლობა, პოტენციური პარტნიორების მოძიება - ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში გამართულ საგანმანათლებლო გამოფენაზე, ქართულმა დელეგაციამ "Education In Georgia" პროექტი წაიღო. გამოფენაში 100-ზე მეტი ქვეყნის 10 000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ადგილობრივი უნივერსიტეტები კი განათლების სამინისტრომ წარადგინა.

ქართულ სივრცეში VR სათვალის მეშვეობით, შესაძლებელია საუნივერსიტეტო კამპუსებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

"საქართველო: განათლებისა და აკადემიური ინვესტიციების რეგიონული ჰაბი," - ამ სახელწოდების სესიაზე მოხსენება საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა წარადგინა.

ადგილობრივი უნივერსიტეტები NAFSA-ს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე ყოველ წელს მონაწილეობენ. ქართულმა მხარემ მომავალი წლისთვის, უკვე მიიღო მიწვევა პირადად გამოფენის აღმასრულებელი დირექტორისგან.

წელს საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იყო დიდ ბრიტანეთის, ჩინეთისა და ინდოეთის საგანმანათლებლო ფორუმებზეც.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები