17 ივლისი 2025,   20:22
ვრცლად
ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი იერიში უკრაინაზე - ქვეყანაში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

განგაშის ხმა უკრაინის დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. მოსკოვმა კიევს 440-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით, 32 ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტით შეუტია.

ოკუპანტის საავიაციო ძალების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები იყო. აფეთქებებსა და ნგრევას მოჰყვა მსხვერპლი. დაიღუპა 10 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 75. უკრაინაში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებში, საიდანაც მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, იპოვეს კასეტური ელემენტის შემცველი რაკეტები. კიევი მოსკოვს გენოციდის მოწყობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

რუსეთის მიერ განხორციელებულ მასირებულ შეტევას უკრაინის პრეზიდენტი სოციალური ქსელით ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოსგან მკაცრ რეაგირებას და მომხდარის ტერორიზმად შეფასებას ითხოვს.

უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებზე განცხადებას ავრცელებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო. წერილობით ანგარიშში ყურადღება მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე მიტანილ იერიშზეა გამახვილებული.

უკრაინაში ომი უკვე 3 წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი იერიში რუსეთმა უკრაინაზე გუშინ მიიტანა. დედაქალაქთან ერთად თავდასხმა განხორციელდა ოდესის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, კიროვოგრადის და ნიკოლაევის ოლქებზე.

დღის ამბები