პროსპერ მერიმეს ნოველის მიხედვით, ჟორჟ ბიზეს მიერ შექმნილი ოპერა "კარმენი" მეცხრამეტე საუკუნეში გვაბრუნებს. სცენაზე 1830 წელია. მოქმედება ესპანეთში ხდება. "კარმენ სუიტა" - ბალეტი ერთ მოქმედებად. სხეულის ენით, დეკორაციების გარეშე მსახიობები და მოცეკვავეები უკვდავ ისტორიას, ნოვატორული ხერხით მაყურებელს მოუყვებიან.
თანამედროვე დადგმის მიხედვით, "კარმენი" ფატალისტია. უყვარს თავისუფლება და შესაბამისად, უარს ამბობს ყველანაირ შეზღუდვაზე, რომელიც საბოლოოდ, გარდაუვალ ტრაგედიამდე მიიყვანს.
ხუთი პერსონაჟი და ხუთი დამოუკიდებელი გმირი "კარმენის" ამბის მთხრობელია. სიყვარული, ვნება, ბოროტება - ის მთავარი ხაზია, რომელსაც პერსონაჟები მიჰყვებიან. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც "კარმენის" ისტორიას მსახიობები სცენაზე მხოლოდ ემოციით, სიტყვის გარეშე გადმოსცემენ.
ცნობილი მსახიობების გვერდით ვხდებით დებიუტანტს, თუმცა გამოცდილ მოცეკვავეს. ლუკა ჭანიშვილი ტორეადორის როლს ასრულებს. "კარმენის" პრემიერა, რომელიც 1885 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა, რამდენიმე მოქმედებისგან შედგებოდა, ხოლო პრემიერა, რომლისთვისაც ახლა მარჯანიშვილის თეატრი ემზადება, 50 წუთიანი იქნება. ყველასთვის ნაცნობი პერსონაჟების გარდა, შევხდებით ახალ გმირს, რეჟისორის შესრულებით, რომელსაც "უცნობი" ჰქვია.
13 და 15 ივლისი ის თარიღებია, როდესაც "კარმენის" ტრაგედიას მაყურებელი განსხვავებული ფორმით, პლასტიკით და განახლებული სცენარით ნახავს, ამ წარმოდგენით კი, მარჯანიშვილის თეატრი, 97-ე სეზონს დახურავს და თეატრის მოყვარულებს ცოტა ხნით დაემშვიდობება.