კომპანია "ბლექ სი ფროფერთიში" აცხადებენ, რომ ყველა ის ოჯახი, რომელთანაც გამოსახლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, ქირით ან კომპენსაციით უზრუნველყოფილია. თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესი დასრულებულია. ტერიტორიას და შენობებს კერძო მესაკუთრე ჰყავს, რომელმაც სასამართლო დავა მოიგო, თუმცა აქამდე გამოსახლება რამდენჯერმე გადაიდო.
ამას გარდა, გუშინ აღსრულების ბიურომ თქვა, რომ საფუძველი გამოსახლების არის სამხარაულის ბიუროს დასკვნაც, რომლის მიხედვით ადგილზე ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია და შენობას დაზიანების კლასიფიკაციის მიხედვით მეოთხე ხარისხი აქვს მინიჭებული.
კორპუსებში მცხოვრებლების ნაწილმა გამოსახლების პროცესს არაერთხელ გაუწიეს წინააღმდეგობა. ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 17 პირი.
"ჩვენი კომპანია, 2 წლის განმავლობაში, მოსახლეობასთან საკმაოდ ხშირად აწარმოებდა მოლაპარაკებას დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, დაკმაყოფილებული ათობით ოჯახი, რომლის შესაბამისი დოკუმენტი და კონტრაქტი არსებობს ხელმოწერილი. არსებობს სამხარაულის დასკვნა, საიდანაც ირკვევა შემდეგი - აღნიშნული ობიექტი მიეკუთვნება მეოთხე ხარისხის დაზიანებას და შეუძლებელი და აკრძალულია, რომ მასში ცხოვრობდნენ ადამიანები, მითუმეტეს მცირეწლოვანი ბავშვები, არასრულწლოვნები.
ადამიანები, ამ წუთის მდგომარეობით, იმყოფებიან თავიანთ ფართებში, თხოვნის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნა გათვალისწინება და ახდენენ თავიანთი ნივთების დემონტაჟს. დახმარებასთან დაკავშირებით, ასევე ვეხმარებით აღნიშნული ნივთების გადატანაში შესაბამის ლოკაციებზე“, - აცხადებს კომპანია "ბლექ სი ფროფერთის" წარმომადგენელი გიორგი ჩაფიძე.