მურა დათვის თავდასხმის კვალი, მამა-შვილმა რეინჯერმა, კინტრიშის ეროვნულ პარკში მორიგი პატრულირებისას აღმოაჩინეს. ზარალი აღწერეს და ინფორმაცია შტაბს შეატყობინეს.
ივარაუდეს, რომ მტაცებელი ცხოველი ამ ტერიტორიაზე კიდევ გამოჩნდებოდა და იქვე ახლოს ფოტოხაფანგების დამაგრება დაიწყეს. რეინჯერების მოლოდინი გამართლდა.
გაუვალ ტყეში, წითელ წიგნში შესული დათვის კვალსაც მალევე მიაგნეს და ის "კურიერი P.S.-ის" ობიექტივშიც მოხვდა.
კინტრიშის ეროვნული პარკის ფლორა და ფაუნა ზედმიწევნით კარგად შეისწავლეს. ასე მხარდამხარ უკვე ერთ წელზე მეტია მუშაობენ. შვილმა მამის პროფესია აირჩია.
გოჩა კუპატაძე რეინჯერი 25 წლის წინ გახდა. ბუნების სიყვარული ბავშვობიდან გაუჩნდა. აქ ყველა ხე, ბილიკი თუ ხეობის ყველა ბინადარი შესწავლილი ჰყავს. შვილისთვისაც ბევრი რამ აქვს მოსაყოლიც და სათქმელიც. ტყეში შეხვედრილ ცხოველებზე, ბრაკონიერობაზე, დაკარგულ ტურისტებზე, რომელიც გადაარჩინა.
მინდია კუპატაძე, სანამ რეინჯერი გახდებოდა, სამთო გიდად მუშაობდა. ტყე უცხო არც მისთვის არის. ეამაყება, რომ ბუნებას ახლა მამასთან, უხუცეს რეინჯერთან ერთად იცავს. გვიყვება, რომ პროფესიას ბევრი გამოწვევა აქვს და ხშირად რისკის შემცველიც არის.
მამა-შვილი მორიგეობას კინტრიშის ეროვნულ პარკში დილით ადრე იწყებენ. აქ რელიეფი მიუვალია, ტყეც გაუვალი, ხშირად ბილიკებს ფეხით მიუყვებიან, როცა გზა რთულდება ცხენებით გადაადგილდებიან.
მდინარისპირა ხეობაში გზა კიდევ უფრო ვიწრო და სახიფათო ხდება.
როცა მუშაობას დაასრულებენ, სახლში წასულებს შინიდან ისევ შინ, ტყეში გამგზავრებაზე ეფიქრებათ. ტყე მათი სახლია. რეინჯერობა კი მამა-შვილის საამაყო პროფესია, საქმე, რომლის დახმარებითაც საქართველოს უნიკალურ ბუნებას შვილებსა და შვილიშვილებს უნახავენ.