საერთაშორისო ფორუმი – "ლოგიკები ხელოვნურ ინტელექტში“ საქართველოში პირველად იმართება. თითქმის 40-წლიანი ისტორიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ უახლეს მიღწევებს წარმოაჩენს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მკვლევარები მონაწილეობენ. სამეცნიერო კომიტეტმა, მრავალთვიანი განხილვისა და მკაცრი შერჩევის შედეგად, წლევანდელ პროგრამაში 50-მდე მოხსენება შეიტანა. 4 დღის განმავლობაში, სფეროში მიმდინარე საკითხებზე პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები გაიმართება.
ღონისძიებას განათლების მინისტრი ესწრებოდა. გივი მიქანაძემ სამეცნიერო ფორუმის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რანგისა და როლის მორიგი აღიარებაა.
"ხელოვნური ინტელექტის ლოგიკის ევროპული კონფერენცია" 1988 წელს, საფრანგეთში დაფუძნდა და მას შემდეგ ორ წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. წელს კი რეგიონულ ფორუმს საქართველო მასპინძლობს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი