05 ივნისი 2026,   08:51
ვრცლად
სუს-ს ახალი უფროსი ეყოლება - სახელმწიფო უსაფრთხოებას მამუკა მდინარაძე ჩაიბარებს

2 სექტემბრიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი უფროსი ეყოლება. მამუკა მდინარაძის კანდიდატურა, რეგლამენტის მიხედვით, ჯერ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე გავა, შემდეგ კი დეპუტატები საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე უყრიან კენჭს. უმრავლესობის ლიდერს, ფრაქციის თავმჯდომარესა და მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივანს სახელისუფლებო გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს. პოლიტიკურ გამოცდილებასთან ერთად, უმრავლესობაში მდინარაძის სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის დიდ პრაქტიკაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ ახალი ხელმძღვანელი უსაფრთხოების სამსახურის უფრო ეფექტური მუშაობის და შესაბამისად ქვეყანაში სტაბილურობის გარანტიც იქნება.

ვიდრე პარლამენტი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას ოფიციალურად დაამტკიცებს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს, საკუთარი მიმართვის საფუძველზე, ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. კანონმდებლების თქმით, ოხანაშვილმა ყველა საჯარო თანამდებობაზე პროფესიონალიზმის მაგალითი აჩვენა, მამუკა მდინარაძე კი სუს-ის უფროსის პოსტზე, საკუთარი სახელმწიფოებრივი აზროვნებითა და მიდგომებით, უწყების განვითარების ახალ ეტაპს დაიწყებს.

მამუკა მდინარაძის პროფესიული უნარებისა და გამოცდილებას ვერ აკრიტიკებენ, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას ნეგატიურად აფასებენ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ უწყება, რეალურად, ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

ოპონენტების პოზიციას სპეკულაციურს უწოდებენ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოებისა და გლობალური გამოწვევებს ახალი ხედვა და ის გამოცდილება სჭირდება, რომელიც მამუკა მდინარაძეს აქვს. სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ უსაფრთხოებისა და მშვიდობის კუთხით სუს-ის ახალი უფროსი ეფექტურად იმუშავებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა მდინარაძე 23 აგვისტოს წარადგინა. მდინარაძე სამართლის დოქტორია. ის წლების განმავლობაში სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდა. აქვს მრავალწლიანი საადვოკატო გამოცდილება. მდინარაძის სახელი პოლიტიკას 2016 წლიდან დაუკავშირდა. 8 წლის განმავლობაში, იყო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე.

დღის ამბები