08 აგვისტო 2026,   05:20
ვრცლად
მოსამართლემ 8 დემონსტრანტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა - რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 8 დემონსტრანტის საქმეზე გადაწყვეტილება დღის 13:00 საათზე გამოაცხადა. ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა ედებოდათ. მოსამართლემ აღნიშნულ მუხლს კვალიფიკაცია შეუცვალა და დემონსტრანტები სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გაასამართლა. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს - ამ დანაშაულისთვის თამარ მჭედლიშვილმა 3 დაკავებულს 2 წლით და 6 თვით, დარჩენილ 5 დემონსტრანტს კი 2 წლით პატიმრობა შეუფარდა.

პირველი ინსტანციის ვერდიქტის, მეორე ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს სახელმწიფო ბრალდება. პროკურორის განმარტებით, საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში.

პროკურატურამ დღეს ის ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიც გაავრცელა, რომელიც 8 დემონსტრანტის საქმეში მთავარ მტკიცებულებებად დევს. ერთ-ერთ ჩანაწერში ზვიად ცეცხლაძე დაგეგმილ აქციებზე საუბრობს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოჩანაწერში აქციის ორი მონაწილე ერთმანეთს ხანძრების გაჩენასა და დივერსიის მოწყობაზე ესაუბრება.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ამ ვიდეო ჩანაწერების მიუხედავად, ოპოზიციაში ამბობენ, რომ რვავე დაკავებული უდანაშაულოა.

მმართველი გუნდის წევრები სასამართლოს ობიექტურობასა და მაღალ სტანდარტებზე საუბრობენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კანონდარღვევას კი შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის საქმეზე გამოძიება გასულ წელს დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების სახლები და სხვადასხვა ორგანიზაციის წევრების ოფისებიც გაჩხრიკა. ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა, აირწინაღები, პულვერიზატორები, ფეიერვერკები და სხვა საშუალებები ამოიღეს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები