საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტის მეოთხედფინალში, ფინეთთან გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.
"ფინელებს რაც შეეხება - ყველამ ვიცით, თუ როგორი ძლიერი გუნდია, მათ ბევრჯერ შევხვედრივართ, თუმცა, არასდროს შევხვედრივართ სრული შემადგენლობით. მათ დაამტკიცეს კიდევ ერთხელ, რომ აქ შემთხვევით არ არიან - მოუგეს სერბებს. ეს, ალბათ, მათი ეროვნული ნაკრებისთვის ერთ-ერთი უდიდესი წარმატება იყო და, ასევე, ჩვენც დაახლოებით იმავე პოზიციაში ვიმყოფებით, - დავამარცხეთ საფრანგეთი, პირველად ისტორიაში, გავედით მეოთხედფინალში და ჩვენთვის, ორივესთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში," - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად მოხვდა. დღეს, 10 სექტემბერს ნაკრები რიგაში, ფინეთის გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის მოგების შემთხვევაში, საქართველო ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავა.
საქართველო-ფინეთის მატჩი რიგაში დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი