08 აგვისტო 2026,   01:35
ვრცლად
ალგეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სკოლა-ბანაკი გაიხსნა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით, ალგეთის ეროვნულ პარკში, საერთაშორისო სეზონური სკოლა-ბანაკი - "მთის მდგრადი განვითარების სწავლება" გაიხსნა, რომლის მიზანია ახალგაზრდების გარემოსდაცვით პროექტებში ჩართვა, ამ მიმართულებით მათი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების მიზნით.

სეზონური სკოლა აერთიანებს სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. პროექტში მონაწილეობას, პირველ ეტაპზე, 30 სტუდენტი მიიღებს. 

ბანაკის გახსნის პირველ დღეს ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ეროვნული პარკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მომდევნო 5 დღის განმავლობაში, მონაწილეებისთვის გაიმართება საერთაშორისო ლექცია-სემინარები მთის მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე; ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, პრაქტიკულ გარემოში შეისწავლონ მთის მდგრადი განვითარების გამოწვევები, გაეცნონ დრონის ტექნოლოგიების გამოყენებას, ჩაერთონ ლაშქრობებსა და საველე კვლევებში.

დღის ამბები