08 აგვისტო 2026,   03:16
ვრცლად
პროკურორი "ნანუკას ფონდზე": როდესაც ფონდის გაცხადებული მიზნები არის საქველმოქმედო, რომელ საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა 600 ათასი ლარის დახარჯვა პიროტექნიკაში, ჩაფხუტებსა და სხვა ნივთებში, რომლებიც პირდაპირ აქციაზე მიიტანეს?!

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამოიკითხა - მიზეზი, რის გამოც "ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი საგამოძიებო უწყებაში იყო დაბარებული, საბოტაჟის, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებასთან დაკავშირებული გამოძიებაა. ჟორჟოლიანთან კითხვები აქციების მიმდინარეობის პროცესებში ფონდებისა და არასამთავრობოების ჩართულობასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

"ის ნამდვილად საბოტაჟის გამოძიების ფარგლებში იქნა გამოკითხული და ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ "ნანუკას ფონდი" მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა ამ ძალადობრივ აქციებს.

ახლა რაში გამოიხატა ეს მატერიალური მხარდაჭერა - მე როგორც გითხარით, როდესაც აქციებმა უკვე მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ეს უკვე ხდება ნოემბრის თვიდან, წახალისებაში ამ სამართალდარღვევების, პატიმრების და მათი ოჯახის წევრებისთვის, ფონდიდან - მიაქციეთ ყურადღება, დაიხარჯა 150 ათას ლარზე მეტი; ასევე ისეთი ნივთების შეძენაზე, რომლებიც არის მაგალითად პიროტექნიკა, ჩაფხუტები და აირწინაღები - დახარჯული იქნა 600 ათას ლარზე მეტი.

უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ მტკიცებულებებით დადასტურებული გვაქვს, რომ ეს შეძენილი აირწინაღები, პიროტექნიკა და ჩაფხუტები, პირდაპირ სამარშრუტო ტაქსით მიტანილი იქნა აქციებზე.

შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, როდესაც ფონდის გაცხადებული მიზნები არის საქველმოქმედო, რომელ საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა 600 ათასი ლარის დახარჯვა პიროტექნიკაში, ჩაფხუტებში და სხვა ნივთებში, რომლებიც პირდაპირ აქციაზე მიიტანეს?!

ჩარიცხვებს ამ პერიოდში ბევრი ადამიანი ახორციელებს სხვადასხვა დანიშნულებით და მარტო ბაჩიაშვილზე და თქვენ მიერ დასახელებულ მეორე პირზე - გილაურზე არ ყოფილა აქცენტი, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ მთლიანად შესწავლილი იქნა ფონდის ფინანსური საქმიანობა“, - აცხადებს პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.

დღის ამბები