08 აგვისტო 2026,   01:29
ვრცლად
გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გიორგი ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი და მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი საქართველოში არ იმყოფებიან. მათ ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს.

გამოძიებით დადგინდა რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო და მათი დახმარებით, 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 მილიონ 944 ათასი დოლარის და მილიონი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.  

"არანაირი ფაქტობრივი გარემოება იმისა, რომ მამამისმა ან დედამისმა ჩაიდინა რაიმე ტიპის დანაშაული, მით უფრო, დახმარება ფულის გათეთრებაში, მსგავსი ნამდვილად არ არსებობს. თეორიული დაშვებაც კი რომ გავაკეთოთ, რომ გიორგის შეიძლება რაღაც დანაშაული ჩაედინა, ვერანაირად ეჭვი ვერ გაუჩნდებოდა ვერც დედას და ვერც მამას, რომ საჩუქრად მიღებული, ეს იყო უძრავი ქონება თუ ავტომანქანა, შესაძლებელია ყოფილიყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შედეგი და ისინი, უნებლიედ აღმოჩენილიყვნენ დამხმარეები," - ამბობს ადვოკატი, ლევან მახარაშვილი.

პროკურორი, მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ ჯამურად, ორივე ბრალდებულმა დაახლოებით, 4 მილიონი ამერიკული დოლარის და მილიონზე მეტი ლარის ფულის გათეთრების დახმარებაში მიიღეს მონაწილეობა.  

"შესაბამისი მტკიცებულების სტანდარტით დასტურდება, რომ ჯამურად, ორივე ბრალდებულმა დაახლოებით, უხეში რიცხვები რომ გითხრათ, 4 მილიონი ამერიკული დოლარის და მილიონზე მეტი ლარის ფულის გათეთრებაში დახმარებაში მიიღეს მონაწილეობა. დახმარება განხორციელდა 7 ერთეულ უძრავ ქონებასთან მიმართებაში, ასევე მოძრავ ქონებასთან, ავტომობილებთან დაკავშირებით, ასევე ფულადი თანხის მოძრაობასთან დაკავშირებით. არსებობს შესაბამისი ტრანზაქციები, შესაბამისი დანიშნულებები, ხელშეკრულებები და ა.შ. რომლებიც პირდაპირ უკავშირდება როგორც ბრალდებულებს, ასევე ბუნებრივია, მათი ქმედების შინაარს. შესაბამისად, ყველაფერი დოკუმენტურად დასტურდება,“ - აცხადებს პროკურორი, მიხეილ სადრაძე.

დღის ამბები