რუსთავის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე "ლელო – ძლიერი საქართველოსთვის" წევრი ზურაბ სხირტლაძე დაიკითხა, რომელიც წინასაარჩევნოდ, "ლელოს" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს.
საქმეზე უკვე გამოიკითხა კარა ორუჯევიც, რომელმაც კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა და განაცხადა, რომ "ლელოს" დატოვების გადაწყვეტილება პარტიის არასწორი პოლიტიკის გამო მიიღო. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
"გამოვცხადდით მოსამართლესთან, ყველა კითხვაზე პასუხი გავეცით. ერთადერთი, მივმართავ "ქართულ ოცნებას", რომ ის ძალადობა, რაც იყო, გამოიძიოს და მიიყვანოს ბოლო საქმემდე,“ - აცხადებს "ლელო ძლიერი საქართველოს" წევრი, ზურაბ სხირტლაძე.
განცხადება გააკეთა პროკურორმა, ხატია გოგრიჭიანმა.
"სასამართლო სხდომაზე, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა პირი, რომელიც კარა ურუჯოვის განმარტებით, იყო მედიაში გავრცელებული საუბრის თანამონაწილე. ამ პირმა, კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ შესაძლებელია, მის მიერ გაცემული პასუხები აღქმული ყოფილიყო მის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, არც ერთ კითხვას არ უპასუხა სათანადოდ. ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს," - აცხადებს პროკურორი.