08 აგვისტო 2026,   02:55
ვრცლად
ბოლო 24 საათში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 47 პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები - რა სქემით და სად ასაღებდნენ ბრალდებულები ნარკოტიკებს

სპეციალური აღჭურვილობები სპეცრაზმს, რეალიზატორების სახლებში შესასვლელად დასჭირდა. ნარკოდამნაშავეების ნაწილი, პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდა და კარს არ აღებდა.

წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 47 პირი დააკავა. სპეცოპერაციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დილამდე გრძელდებოდა.

დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათი უმეტესობა, გამოძიების ინფორმაციით, რეალიზატორია, ნაწილს კი გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-რეალიზაციის მცდელობას და ხელშეწყობას ედავება.

"კურიერმა" ერთ-ერთი რეალიზატორის ვინაობა გაარკვია - ის 48 წლის მამაკაცია, გვარად ავეტისიანი. მის დასაკავებლად, პოლიცა გუშინ ავლაბარში, დმანისის ქუჩაზე მობილიზდა. საგამოძიებო მოქმედებები სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ჩხრეკისას სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკია ამოღებული, მათ შორისაა ოპიუმი, მარიხუანა, ჰაშიში, გასაყიდად გამზადებული ბუპრენორფინი და სავარაუდოდ რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტა, მათ შორის 55000 ლარი.

"კურიერის" ინფორმაციით, 48 წლის ავეტისიანი, იმ ფარულ კადრებშიც ჩანს, რომელიც დრეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

საკონტროლო შესყიდვის კადრებით ირკვევა, რომ 48 წლის მამაკაცი ნარკოტიკს, სავარაუდოდ ბუპრენორფინს სისტემატურად ყიდდა. "კურიერი" ავეტისიანის ადვოკატს ესაუბრა, თუმცა ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ოჯახს დანაშაულზე საუბარი არ სურს.

რეალიზატორი დააკავა კახეთის პოლიციამ, სოფელ განჯალაშიც. 47 წლის კაცის სამართალდამცველებმა სახლიდან აიყვანეს.

ნარკოტიკის ხელიდან ხელში გადაცემა, სამალავებში დადება, ინტერნეტ აპლიკაციების გამოყენება - გამოძიებამ დაადგინა, რომ სწორედ ამ მეთოდებით მოქმედებენ დაკავებულები, მათ შორის ქალებიც, რომლებიც საკონტროლო შესყიდვის კადრებში ჩანან.

ფარული კადრები სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიღეს.

საკონტროლო შესყიდვის კადრები, ჩხრეკისას ამოღებული "ჰეროინი“, "მეთადონი“, "ალფა პვპ", "სუბოქსინი“, "სუბოტექსი", "მეტამფეტამინი“, "ჰაშიში“, "ოპიუმი“, "მარიხუანა“ და მცენარე კანაფი საქმის მთავარი მტკიცებულებებია. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.

დაკავებულ 47 პირს ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენენ. მათი ნაწილი ჯერ დუმილის უფლებას იყენებს.

პოლიცია ახლა ნარკოდანაშაულის სქემაში მონაწილე სხვა პირების დასადგენად მუშაობს.

ნარკოდანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 47 პირს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები