08 აგვისტო 2026,   09:05
ვრცლად
"აღვწერე ფაქტი და ვუთხარი, ზუსტად ისე მინდა მომექცეთ, როგორც ჩემს თანამებრძოლებს" - გიორგი თავართქილაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

საქალაქო სასამართლოში შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის ბრალდებულების პროცესები იმართება. გიორგი თავართქილაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსამართლემ, სასამართლოს შეურაცხყოფის მოტივით, თავართქილაძე 300 ლარით დააჯარიმა.

"არ ვაღიარებ ამას, როგორც დანაშაულს. მე მივედი, აღვწერე ფაქტი, რომ ეს გავაკეთე და ვუთხარი, ზუსტად ისე მინდა მომექცეთ, როგორც ჩემს თანამებრძოლებს. სადმე ლოგიკა თუ არსებობს, რომ ეს თანამშრომლობაა, მობრძანდნენ და ვისაუბროთ. როცა შემობრძანდა ე.წ. მოსამართლე, ფეხზე არ ავდექი, ამასაც ჰქონდა მოტივი, რადგან მათ მოტივს არ ვცემ," - განაცხადა რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თამთა ქიმბარიშვილმა განმარტა, კონკრეტულად, თუ რას ედავებოდა უწყება რეჟისორ გიორგი თავართქილაძეს.

"ბატონმა გიორგიმ თავად მიმართა პოლიციის მეშვიდე სამმართველოს. მან აღიარა თავისი სამართალდარღვევა, ითანამშრომლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბატონ გიორგისთან დაკავშირებით გამოყენებული ყოფილიყო სიტყვიერი შენიშვნა.

ბატონ გიორგის ვედავებოდით გზის ხელოვნურად გადაკეტვას, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირზე არ იყოს საკმარისი რაოდენობა მოქალაქეების. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ბატონმა გიორგი დაარღვია აღნიშნული მუხლის დანაწესი, რაც ასევე თავადვე აღიარა," - აღნიშნა თამთა ქიმბარიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეების მხრიდან კანონდარღვევის 53 ფაქტი გამოვლინდა, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, დანარჩენების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

 

დღის ამბები