08 აგვისტო 2026,   06:33
ვრცლად
"ენაგრამი" მცირე საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია - სახელმწიფოსგან მიღებული 100 000 ლარიანი გრანტით კომპანია გეგმავს საკუთარი პროდუქტი საქართველოს განათლების სისტემაშიც დანერგოს

ამლაპარაკებელი, საუბარმწერი, მართლმწერი - ეს იმ ტექნოლოგიური პროდუქტების ნაწილია, რომელსაც მრავალენოვანი პლატფორმა "ენაგრამი" აერთიანებს. მისი გამოყენებით შესაძლებელია ფაილებისთვის ფორმატის შეცვლა, გრამატიკული შეცდომების ავტომატური გასწორება, საუბრის ტექსტად გარდაქმნა და პირიქით. "ენაგრამი" მცირე საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. სახელმწიფოსგან მიღებული 100 000 ლარიანი გრანტით კომპანია გეგმავს საკუთარი პროდუქტი საქართველოს განათლების სისტემაშიც დანერგოს.

მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვება სულ 20-მდე ორგანიზაციამ მოიპოვა. თითოეულ მათგანს, პროექტის განსახორციელებლად 100 000 ლარამდე დაფინანსება გადაეცა. სამოქალაქო ინიციატივები 7 პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავდა, მათ შორის, გარემოს დაცვას, სპორტის განვითარებას, განათლებას და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. კონკურსი საჯარო იყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.

საგრანტო განცხადებები სპეციალურმა საბჭომ განიხილა, რომელიც 19 წევრისგან შედგება. საბჭოში წარმომადგენელი თითოეული სამინისტროდან შედის, მათ შორის, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოდან. პირველი კონკურსის ფარგლებში სახელმწიფომ მილიონ ნახევარზე მეტი ლარი გასცა.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მთავარი მიზანი სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და ხელშეწყობაა. ინიციატივებისთვის 20 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.

ამ დროისთვის, სააგენტოში კიდევ ერთი, ინსტიტუციური განვითარების გრანტის საჯარო კონკურის ფარგლებში წარდგენილ განცხადებებს განიხილავენ. ამ მიმართულებაზე სულ 292 განაცხადი მიიღეს. ორგანიზაციებისთვის დაფინანსების თაობაზე ინფორმაცია სულ მალე გახდება ცნობილი.

დღის ამბები