30 საათზე მეტი ავიაკატასტროფიდან - ნაპოვნია თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ჯარისკაცების ცხედრები და შავი ყუთი. სამძებრო ოპერაცია გრძელდება. საქართველოსა და თურქეთის სპეციალური დანაყოფები შემთხვევის ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარე ოპერაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად ხელმძღვანელობს.
სამძებრო ოპერაციებში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც. ადგილზეა თავდაცვის მინისტრი. სამუშაოები კოორდინირებულად მიმდინარეობს. თურქმა ექსპერტებმა, თვითმფრინავის ფრაგმენტების ნაწილი ექსპერტიზისთვის შემთხვევის ადგილიდან უკვე გაიტანეს.
საქართველომ მაღალ დონეზე მიმდინარე ოპერაციისთვის მადლობა თურქეთის პრეზიდენტისგან მიიღო. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება პროცესში მაქსიმალურ დახმარებას და თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
თურქეთი სამძიმრის წერილებს იღებს. საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ოფიციალურ ანკარას მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
თურქეთის საჰაერო ძალების კუთვნილმა სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავმა, ამერიკული წარმოების C130-მა, იგივე "ჰერკულესმა", კატასტროფა საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში, გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე განიცადა. ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ვინაობა ცნობილია. დაღუპული სამხედროების სახელები და ფოტოები თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს F-16-ის სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა. ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო ოპერაცია და საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.