განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრს ესტუმრა, სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და მათ ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვა.
მინისტრმა, თსუ-ის რექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს უმაღლესი სასწავლებლების მიერ დაფუძნებული პროფესიული მიმართულებები. სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის პროფესიული კოლეჯი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. 1 300 000-ზე მეტი თანხა გადმოვურიცხეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იმისთვის, რომ მიმდინარე წლიდან დაიწყოს და 2026 წლის ზაფხულისთვის დაასრულოს სარემონტო სამუშაოები. დაახლოებით 900-დან 1000-მდე დაინტერესებული პირი ერთდროულად შეძლებს სხვადასხვა სპეციალობის მიმართულებით თავისი უნარებისა და კომპეტენციის განვითარებას", - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.