04 აგვისტო 2026,   19:39
ვრცლად
თბილისი უძველესი ქალაქია, შესაბამისად ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ავარიული კორპუსების პრობლემაა, შევიმუშავეთ და აქტიურად ვახორციელებთ ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამას - კახა კალაძე

თბილისის მერის ოფიციალურ ვიზიტი ბუდაპეშტში დაიწყო. კახა კალაძე ამ წუთებში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. მანამდე დედაქალაქის მერმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას ეხება. კახა კალაძემ დელეგატებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა კონფერენციის მთავარ თემაზე - როგორ დავიცვათ ბალანსი ცვლილებებსა და ისტორიულ იდენტობას შორის.

თბილისის მერმა აქცენტი გააკეთა მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე და ამ კონტექსტში თქვა, რომ თბილისი იმავე კითხვებს სვამს, რასაც ოფიციალური ბუდაპეშტი.

"თბილისი უძველესი ქალაქია, შესაბამისად ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ავარიული კორპუსების პრობლემაა. ჩვენ შევიმუშავეთ და აქტიურად ვახორციელებთ ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამას. 2026 წლიდან კი ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც უშუალოდ ისტორიულ არეალებში მდებარე ავარიულ შენობებს შეეხება, რათა არც უსაფრთხოება დაზარალდეს და არც ქალაქის კულტურული ფენები. პარალელურად, ვახდენთ გამოსყიდვას მიწებისა და ობიექტების, რათა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ რეკრეაციული სივრცეები - თბილისის მწვანე ქსელმა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელი ცხოვრება უნდა უზრუნველყოს.

მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც თბილისის მთავარი გამოწვევა იყო, დღეს სრულად განახლებულია და ამ მიმართულებით მუდმივად გვაქვს სიახლეები. დავამატეთ 200 ახალი ავტობუსი, რაც გადაადგილებას მეტად კომფორტულსა და სანდოს ხდის.

და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ტრამვაის დაბრუნება თბილისში. ეს არის არა მხოლოდ ტრანსპორტის ახალი საშუალება, არამედ ქალაქის მომავლის ახალი ფილოსოფია: მდგრადი, მშვიდი, თანამედროვე და ადამიანზე მორგებული ქალაქები სწორედ ასე იქმნება", - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები