საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ემინ ამრულაევი ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გივი მიქანაძე ზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან და მის თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრა.
მინისტრებმა მოინახულეს განახლებული სასწავლო გარემო და ადგილზე გაეცნენ იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომლებიც სკოლაში ბოლო პერიოდში განხორციელდა.
აღნიშნულ სკოლაში, ორი ქვეყნის განათლების სამინისტროების თანამშრომლობით, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი STEAM ცენტრის გახსნა, რაც მოსწავლეებს ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფს.