ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს, აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ „დიპ სტეიტია“. ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა? - ვკითხულობთ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილში.
კობახიძის განცხადებით, საქართველოში გარე ძალების დავალებების შემსრულებელ აგენტურაზე აუცილებლად უნდა დაისვას კითხვები, რათა საზოგადოებამ იმსჯელოს ამ ყოველივესთან დაკავშირებით.
"ვფიქრობ, საკითხი, რომელზეც ახლა ვმსჯელობ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის დამატებით განმარტებას არ საჭიროებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა გულწრფელი პატრიოტია, რაც ნათლად იკითხება მათი დაკვეთიდან ხელისუფლების მიმართ - ნებისმიერ ფასად დავიცვათ მშვიდობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ეროვნული ღირებულებები.
თუმცა, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა, რომელზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს, აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ „დიპ სტეიტია“. ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა? ვფიქრობ, საზოგადოება ამ ალოგიკურობას ლოგიკურ ახსნას იოლად მოუძებნის", - ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის წერილში.