უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები დღეს დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. ახალი რეფორმა ითვალისწინებს 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებას და სწავლის ფორმატის შეცვლას.
ცვლილება შეეხება საჯარო სკოლებსაც, რაც გულისხმობს 11-წლიან სწავლებას და სურვილის შემთხვევაში სპეციალური კლასების გახსნას მე-12 წლისთვის.
"საჯარო უნივერსიტეტებში ვგეგმავთ უფასო სწავლების მოდელს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ მიმართულებით მოხდება საგრანტო მოდელის ჩანაცვლება, სრული დაფინანსების მოდელით. აქ იგულისხმება ავტორიზებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაბამისი სწავლის დაფინანსება, როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურის დონეზე.
მოდელი იცვლება სასწავლო კომპონენტების ნაწილში, ნაცვლად, 4+2 მოდელისა, იცვლება 3+1+1 მოდელით.
საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება განსაზღვროს კვოტირების საკითხი, საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, რითაც დაადგენს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყოველწლიურად მისაღები სტუდენტების კონტინგენტის რაოდენობას. ასევე, მთავრობას ენიჭება დისკრეციული უფლება, განსაზღვროს სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და რაოდენობა," - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.