ლივერპულიდან მსოფლიო სცენამდე - ჯგუფი, რომელმაც დროის საზღვრები გაარღვია, მუსიკის ისტორია სამუდამოდ შეცვალა და საკუთარი იდენტობა შექმნა - ეს "ბითლზია".
ლივერპულელ ოთხეულად წოდებული ჯგუფი, რომელმაც ყველა კონტინენტი დაიპყრო და შეაღწია ყველგან, სადაც რადიომიმღები იდგა, შექმნა ისტორია, ლეგენდა და ანთოლოგია. გააერთიანა მილიონობით გულშემატკივარი და მომავალ თაობას შთააგონა თავადაც შექმნან "რაღაც მარადიული".
მარადიული ოთხეული ისევ ეკრანებზეა. დოკუმენტური ფილმი - "ბითლზის ანთოლოგია" 30 წლის შემდეგ "დისნეი პლუსის" სტუდიამ აღადგინა.
განსხვავებული ჟღერადობა, ფერები, უცნობი ისტორიები და კადრები, რომელსაც მაყურებელი პირველად ნახავს.
"ბითლზის ანთოლოგია" პირველად 1995 წელს შეიქმნა და ისტორია თავად ჯგუფის წევრების მონათხრობით გვიამბო. სერია რვა ეპიზოდისგან შედგებოდა და ქრონოლოგიურად ასახავდა ჯგუფის გზას ლივერპულიდან მსოფლიო პოპულარობამდე, რომელიც საბოლოოდ დაიშალა.
1995 წლის დოკუმენტური სერიალის აღდგენილ ვერსიაში, დამატებით ერთსაათიანი ნაწილია, როგორც ახალი ფინალი. მეცხრე ეპიზოდი ყურადღებას 1990-იან წლებში პოლ მაკარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარის შეკრებაზე ამახვილებს და მაყურებელს "ბითლზების" სულ სხვანაირ პორტრეტს აჩვენებს. ის პასუხობს კითხვებს თუ რას ნიშნავს თითოეული მათგანისთვის ბენდში ყოფნა, როგორ გადალახეს პოპულარობის ტალღა და როგორ ებრძოდნენ პირად ცხოვრებასა და გლობალურ სცენას შორის გაჩენილ დაბრკოლებებს.
მეცხრე ეპიზოდის რეჟისორი, ბრიტანელი კინემატოგრაფისტი ოლივერ მიურეია, რომელმაც ლეგენდარული ისტორია ახალი ფინალით დაასრულა.
ეპიზოდში გამოყენებულია აქამდე უცნობი კადრები Abbey Road-ის სტუდიიდან, სადაც ჯგუფის წევრები მუშაობენ სიმღერებზე "Free as a Bird" და "Real Love".
დოკუმენტური ფილმი აჩვენებს არა მხოლოდ მუსიკალურ პროცესს, არამედ მეგობრობას, იუმორსა და ემოციურ კავშირს, რომელიც "ბითლზის" წევრებს წლების შემდეგაც აკავშირებდათ.
განახლებული "The Beatles Anthology" თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღდგენილი, რაც პროექტის მიზანს ამართლებს, დოკუმენტური სერია თანამედროვე მაყურებლისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი