სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა - გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მსჯელობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.
მისი წერილი პროცესზე ადვოკატმა წაიკითხა:
"გამოვხატავ დიდ პატივისცემას სასამართლოს მიმართ. სანამ სრულად არ შევისწავლი საქმის მასალებსა და მტკიცებულებებს, არ ვაპირებ, რომ სხდომას დავესწრო. სრულ ნდობას ვუცხადებ ჩემს ადვოკატს".
გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.