განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მასწავლებლებთან, მშობლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, რეფორმის განხორციელებაში გამორჩეული როლი მიუძღვით პედაგოგებს, შესაბამისად, მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია. სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა გივი მიქანაძეს რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით პოზიციები და მოსაზრებებიც გაუზიარეს.
"სასკოლო საზოგადოება სრულად უჭერს მხარს და აქტუალურად მიაჩნია ამ რეფორმის განხორციელება. ეს გამოითქვა არაერთი გამომსვლელის პოზიციაშიც და რეალურად არის სრული მზაობა იმისა, რომ საზოგადოება მთლიანად ჩაერთოს ამ რეფორმის განხორციელებაში მისი მნიშვნელობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე", - აცხადებს გივი მიქანაძე.