04 აგვისტო 2026,   20:30
ვრცლად
ახალი საბავშვო ბაღები, სპორტული მოედნები და მაგისტრალური გზები - გურიაში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

გურიის სოფელ ღრმაღელეში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დასრულებულია. სასწავლო დაწესებულება ორშაბათიდან პირველ აღსაზრდელებს მიიღებს. შენობა 50 ბავშვზეა გათვლილი. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, აქ გაერთიანებულია სხვადასხვა სივრცე.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია სოფელ ნიგვზიანშიც, რომელიც 75 ბავშვს მიიღებს. ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება სოფელ ნატანებშიც. მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.

აქტიურად გრძელდება გურიაში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მათ შორისაა ოზურგეთის მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. დასრულებულია ლანჩხუთში ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟი და დაწყებულია მისი ახალი სტადიონით ჩანაცვლება.

რეგიონში გრძელდება საგზაო პროექტების განხორციელებაც. ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია გრიგოლეთი–ქობულეთის მაგისტრალური გზის 11-კილომეტრიან მონაკვეთზე. 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა წელს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.

რევაზ სოხაძემ მალთაყვის, ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების პროექტი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს გააცნო, რომლებიც, ახალ რეგიონულ დირექტორთან ერთად, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.

დღის ამბები