სამი მუსიკალური ეპოქა და ერთი საღამო - თბილისის სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. კონცერტის პროგრამა მრავალფეროვანია. ის ფრედერიკ შოპენის, მორის რაველისა და იგორ სტრავინსკის ნაწარმოებებს აერთიანებს, რომლებიც მსმენელს სხვადასხვა მუსიკალურ სამყაროში ამოგზაურებს.
სცენაზე ახლა ბოლო რეპეტიციები მიმდინარეობს.
გერმანიაში მოღვაწე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი მამიკონ მახაპეტოვი საღამოზე შოპენის პირველ საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს - ნაწარმოებს, რომელიც განსაკუთრებულ სიზუსტესა და ღრმა მუსიკალურ აზროვნებას მოითხოვს. პიანისტს მოსამზადებლად ცოტა დრო ჰქონდა და, როგორც თავად ამბობს, შოპენის მუსიკა ყოველთვის რთული შესასრულებელია, თუმცა ეს სირთულე მისთვის შემოქმედებითი სიამოვნების წყაროა.
სოლისტისა და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ორკესტრის ურთიერთობა არა მხოლოდ პროფესიული თანამშრომლობა, არამედ საერთო მუსიკალური ისტორიაა. მამიკონ მახაპეტოვისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის გზა სცენაზე არაერთხელ გადაკვეთილა.
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი 14 თებერვალს გაიმართება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი