04 აგვისტო 2026,   10:25
ვრცლად
ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა

ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობის საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართა. სასამართლომ დღეს იმსჯელა ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე.

პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, ლევან ჯანგველაძის მძღოლი გია ჩადუნელი.

გიორგი ჯოხაძის ადვოკატი, ლიკა ბითაძე: "ის გარემოება, რაც ჩემთვის იყო საინტერესო, იყო ის, ლევან ჯანგველაძე იცნობდა თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს - გიორგი ჯოხაძეს. მას საერთოდ არც სმენია გიორგი ჯოხაძის შესახებ - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გიორგი ჯოხაძეს არანაირი შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არც წარსულში ჰქონია."

საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე: "დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ლევან ჯანგველაძის მძღოლი, გია ჩადუნელი, რომელმაც დეტალურად გაიხსენა როგორც ლევან ჯანგველაძის ჩამოსვლის თებერვლის ეპიზოდი, ასევე, უშუალოდ მარტის ეპიზოდი, როცა ჩამოვიდა. მან დაადასტურა ის გარემოება, რაც მოტივია ამ საქმის, - რომ ლევან ჯანგველაძეს დაპირისპირება ჰქონდა ფარცხალაძესთან. მან ეს ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა, რომ ფარცხალაძე-ჯანგველაძეს ჰქონდათ შეხვედრა, რომ ბოლო შეხვედრიდან ლევან ჯანგველაძე გამოვიდა უსიამოვნო მდგომარეობაში, რადგან თვითონ როგორც განმარტავს, მალევე ჩაჯდა ავტომობილში და დატოვა ტერიტორია."

შეგახსენებთ, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მკვლელობის შემკვეთად კი საგამოძიებო უწყებამ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

დღის ამბები