"ტრამპი ფრთხილად უნდა იყოს საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას", – ამ სათაურით აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი მოსაზრებას ამერიკულ გამოცემა ჰილში.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე შტატების ინტერესებისთვის.
მმართველ გუნდში დღეს სააკაშვილს და მათ ოპონენტებს ის განცხადებები გაახსენეს, როდესაც ტრამპს აკრიტიკებდნენ, მის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ და ბაიდენს მხარს უჭერდნენ.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, თავად სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც ტრამპს რუსული ინტერესების გამტარებელს უწოდებდა.
"ჩვენი ზოგიერთი რადიკალი კლოუნს, რუსეთის აგენტს ეძახდა, ეს ამის გაგრძელებაა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გაბედავს და დაიწყებს სუვერენიტეტზე, ეროვნულ ინტერესებზე საუბარს, მაშინვე იარლიყს აწებებენ - შენ ხარ რუსი. ეს საერთაშორისო მასშტაბით ხდება, სიახლე კი არ არის საქართველოში, აქ კი არ აკეთებენ მარტო.
ის, რომ რუსების ზეგავლენის ქვეშ არის, თავად ლაპარაკობდა სააკაშვილი. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე საუბრობდა. რამე თანმიმდევრული ამ კაცის [სააკაშვილის] გახსოვთ?! მე არ მახსოვს. ხვალ ისევ რომ დაიწყოს ტრამპის დაგმობა, არც ეგ გამიკვირდება", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.