შედგება თუ არა ოპოზიციის ერთობა - ამ თემაზე პოლიტიკურ პარტიებში ისევ დაპირისპირებაა. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ოპოზიციის გაერთიანებას აანონსებს, თუმცა აცხადებს, რომ ამ გაერთიანებაში არ მოიაზრებიან ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გახარიას პარტიები.
სხვა დეტალები დღეს საღამოს ოპოზიციის დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
"ბევრჯერ ნანახი ფარსი" - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ოპონენტების ერთობის მორიგ მცდელობას.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია ცალ-ცალკე არც არასდროს ყოფილა და მათ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" უწოდებენ.
"უკვე არაერთი დღე და თვეა საუბრობენ ამ გაერთიანების შესახებ. გაერთიანება წარმოუდგენელია, როდესაც საუბარი გვაქვს ნული რეპუტაციის და ნული მხარდაჭერის მქონე ოპოზიციურ პარტიებზე. ისინი, ვინც ახლა ამბობენ, რომ გაერთიანდებიან, არც არასოდეს დაშლილან. ეს არის ერთი დიდი "ნაციონალური მოძრაობა", ბოროტების მანქანა, რომელიც სხვადასხვა დასახელების ქვეშ გვევლინება. რაც შეეხება "ლელოს" და გახარიას, მათი გარედან დავალებული ტაქტიკაც ასეთი იყო, რომ წინასაარჩევნოდ ცალკე უნდა გამდგარიყვნენ, თუმცა ვნახეთ, რომ ამით ნამდვილად არ მოტყუვდა ქართველი ამომრჩეველი", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.