შედგება თუ არა ოპოზიციის ერთობა - ამ თემაზე პოლიტიკურ პარტიებში ისევ დაპირისპირებაა. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ოპოზიციის გაერთიანებას აანონსებს, თუმცა აცხადებს, რომ ამ გაერთიანებაში არ მოიაზრებიან ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გახარიას პარტიები.
სხვა დეტალები დღეს საღამოს ოპოზიციის დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
"ბევრჯერ ნანახი ფარსი" - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ოპონენტების ერთობის მორიგ მცდელობას.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია ცალ-ცალკე არც არასდროს ყოფილა და მათ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" უწოდებენ.
"ასეთ ეკლექტურ ე.წ. პოლიტიკურ დაჯგუფებებს რაც შეიძლება აერთიანებდეს, არის საკუთარი ქვეყნის სიძულვილი. მათ არანაირი პერსპექტივა, ამ გაერთიანების, თუნდაც, რა თქმა უნდა, არ გააჩნიათ.
საბოლოო ჯამში, ამომავალი წერტილი პოლიტიკურ ცხოვრებაში არის საზოგადოების მხარდაჭერა - არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ძალების, არა უცხო ქვეყნის თანამდებობის პირების, არამედ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის, საკუთარი ამომრჩევლის.
ისინი არ ურთიერთობენ საკუთარ ხალხთან, ისინი ცდილობდნენ სასიცოცხლო ძალები მიეღოთ ქვეყნის ფარგლებს გარედან, მათივე დავალების მიმცემებისგან. ეს რა შედეგით დასრულდა არჩევნების შემდეგ, კარგად იცის საზოგადოებამ", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.