"ოპოზიციის ალიანსი, სწორედ ამ სახელით, შედგა" - აცხადებს ნიკა გვარამია. "ნაციონალური მოძრაობა" და მისი გუნდის ყოფილი წევრებისგან შემდგარი პარტიები მორიგი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას გეგმავენ. იდეა ნიკა გვარამიას ეკუთვნის, რომელიც ერთობაში ყველა სუბიექტს ეპატიჟება. "ნაცმოძრაობის" განშტოებების ერთობა, პოლიტიკოსების თქმით, პროტესტისა და საგარეო ასპარეზზე ოპერირების პროცესში კოორდინაციის შესაძლებლობას გაზრდის. გარდაიქმნება თუ არა საარჩევნოდ გაერთიანება კვლავ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრთის ქვეშ, ამაზე ჯერჯერობით პოლიტიკოსები დეტალურად არ საუბრობენ.
სიმულაციური რეალობის შექმნის მორიგ მცდელობას უწოდებს მმართველი გუნდი გაერთიანების სახელით დაწყებულ პროცესს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რეალურად არც არასდროს დაშლილა და პოლიტიკოსების დივერსიფიცირება სხვა სახელის მქონე პარტიაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის წარუმატებელი მცდელობა იყო.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ სახეებთან რაიმე ფორმით გაერთიანებას გამორიცხავენ "ლელოსა" და გახარიას გუნდში. მათი თქმით, ახალი გაერთიანება ორგანულია და პოლიტიკურ პროცესში ყველა სუბიექტს საკუთარ სახელს დაარქმევს, საზოგადოებას კი "ნაცმოძრაობისა" და სხვა ოპოზიციური პარტიების გამიჯვნის უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.
"ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯვნის მცდელობას არადამაჯერებლად აღიქვამენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ ხაზარაძისა და გახარიას პარტიები ამ როლს ლობისტების დავალების შესაბამისად ასრულებენ, რეალურად კი ისინიც "ნაციონალური მოძრაობის" იდეური მოკავშირეები არიან. კანონმდებლების თქმით, ოპოზიცია გაკოტრებულია და ნებისმიერი გაერთიანების მცდელობა უშედეგო იქნება.
ნათელაშვილის ფანჩატურიდან დღემდე, ოპოზიციამ გაერთიანება არაერთხელ სცადა. ახალ იდეას დღეს "ლელო" და "საქართველოსთვის" არ უერთდება. შესაბამისად, მომდევნო არჩევნებისთვის შესაძლებელია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ, დარჩენილი და წასული "ნაციონალები საზოგადოებამ" კვლავ ერთად იხილოს.