03 აგვისტო 2026,   19:22
ვრცლად
ზოგადი განათლების რეფორმა - გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს სკოლაში წავლენ ის ბავშვებიც, რომლებსაც ექვსი წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ

მშობლებისა და საზოგადოების მოთხოვნას, პრემიერ-მინისტრი და განათლების სამინისტრო კონკრეტული გადაწყვეტილებით პასუხობს. გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს, სკოლაში წავლენ ის ბავშვებიც, რომლებსაც ექვსი წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ. გადაწყვეტილება ექსპერტებთან და სასკოლო საზოგადოებასთან დისკუსიის შემდეგ მიიღეს. პროცესის მთავარი მიზანი მშობლების ინტერესების გათვალისწინება და განათლების რეფორმის განხორციელების ხელშეწყობაა.

ცვლილებებს მიესალმებიან მშობლები. რესპონდენტები "კურიერთან" აცხადებენ, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი უკვე დაწყებული ჰქონდათ და სასწავლო დაწესებულებებთან დაკავშირებით გეგმებიც აღარ შეეცვლებათ.

ცვლილება ერთჯერადი ხასიათის იქნება, რადგან კანონში უკვე არსებობს შესაბამისი ჩანაწერი, სადაც სკოლაში შესვლის ასაკი განსაზღვრულია. პირველ კლასში შევლენ ის მოზარდები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება, პედაგოგების შეფასებით, მოსწავლეების საჭიროებაზე მორგებული.

ზოგადი განათლების რეფორმა რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს გულისხმობს. სკოლაში 12-ის ნაცვლად 11 წლიანი სასწავლო პროგრამა დაინერგება, საჯარო სკოლებში დაბრუნდება ფორმები, აიკრძალება მობილური ტელეფონები. შეიქნება ახალი სახელმძღვანელოები, დაინერგება ერთიანი მიდგომა და სტანდარტი. ექსპერტების შეფასებით, ცვლილებები ზოგადი განათლების სისტემაში და დაშვებული გამონაკლისიც მოსწავლეებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებას მისცემს.

ზოგადი განათლების კანონში ცვლილება უახლოეს მომავალში შევა. განათლების სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 2026-27 სასწავლო წელს მოზარდებისთვის ერთჯერადი გამონაკლისის დაშვებას ითვალისწინებს უკვე მზად აქვს. პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავს.

დღის ამბები