ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის გაშუქებისას, რამდენიმე ონლაინ მედიამ, ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად მოიხსენიებს, თუმცა ირაკლი კობახიძესა და მაკა ბოჭორიშვილს "ქართული ოცნების" თანამდებობის პირებს უწოდებს. ეს ფაქტი მმართველი გუნდისთვის არის კიდევ ერთი დასტური, რომ "პუბლიკას", "On.ge-ს" და "ნეტგაზეთს" ქვეყნის მიმართ მტრული და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება აქვთ.
მათივე თქმით, ეს ონლაინმედიები უცხოეთიდან ფინანსდებიან, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.
პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ონლაინ მედიებთან დაკავშირებით შეფასებას ვერ გააკეთებს და აღნიშნა, საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირდება.
"ამა თუ იმ ონლაინ გამოცემასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, მით უმეტეს, მათ შეფასებასთან დაკავშირებით. ცხადია, რომ ეს ვიზიტები უკავშირდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რადგან სომხეთის და საქართველოს ურთიერთობა, თავის მხრივ, ისტორიულად ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვნად რჩება, მიუხედავად იმისა, თუ ვის აქვს დღეს ძალაუფლება და ხელისუფლება", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.