ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის გაშუქებისას, რამდენიმე ონლაინ მედიამ, ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად მოიხსენიებს, თუმცა ირაკლი კობახიძესა და მაკა ბოჭორიშვილს "ქართული ოცნების" თანამდებობის პირებს უწოდებს. ეს ფაქტი მმართველი გუნდისთვის არის კიდევ ერთი დასტური, რომ "პუბლიკას", "On.ge-ს" და "ნეტგაზეთს" ქვეყნის მიმართ მტრული და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება აქვთ.
მათივე თქმით, ეს ონლაინმედიები უცხოეთიდან ფინანსდებიან, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, როდესაც არასწორად და არაკორექტულად აწვდი საზოგადოებას ინფორმაციას, ეს არის არაკომპეტენტურობა.
"ეს არის მხოლოდ და მხოლოდ არაკომპეტენტური დამოკიდებულება იმ საქმის მიმართ, რა საქმესაც აკეთებ, როდესაც არასწორად და არაკორექტულად აწვდი საზოგადოებას ინფორმაციას. ამ შემთხვევაში, საუბარია ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებებზე. შემდეგ, აქტიურად ტირაჟირებ სხვა საინფორმაციო საშუალებებზე, რომ ისინი არიან პროპაგანდისტული და არა დამოუკიდებელი სატელევიზიო თუ მედია საშუალებები. ეს არის არაკომპეტენტურობა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.