28 ოქტომბერი 2026,   01:32
ვრცლად
გამოცემა THE HILL-ის სტატია - "ქართული ოცნება" დეზინფორმაციაზე და ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრობს

"საქართველო ირანის მიერ სანქციების გვერდის ავლის ჰაბი ხდება" - ამ სათაურით სტატიას გამოცემა THE HILL ავრცელებს. "ქართული ოცნება" დეზინფორმაციაზე და ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრობს.

სტატიის ავტორი დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარი ქეთი ქორქიაა, რომელიც წერს, რომ საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რეალურად 2025 წელს, ირანთან იმპორტი 1.36 პროცენტი, ექსპორტი კი 0.53 პროცენტი იყო. მათივე თქმით, საავტორო მოსაზრებებზე აგებული სტატია არაერთ სიცრუეს შეიცავს, მის გავრცელებას კი ხელს არასამთავრობო სექტორი უწყობს.

ქორქიას მოსაზრებებს სოციალურ ქსელში აზიარებს ეკა გიგაურიც, თუმცა მას ჯერჯერობით არ უსაუბრია, რა ფაქტებზე დაყრდნობით გააზიარა მსგავსი შინაარსის სტატია.

"2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72-მა კომპანიამ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი მოახდინა. იმპორტიორებს შორის გვხვდება კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან. გამოაშკარავებული სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი სქემის მიხედვით, რამდენიმე ირანელმა პირმა საქართველოში არაერთი კომპანია დააფუძნა და ფარულად ჩაიგდო ხელში ქართული "ინვესტბანკის" აქციების 70-პროცენტიანი წილი. მათ ეს ბანკი გამოიყენეს დაახლოებით 8 მილიონი დოლარის ღირებულების ტრანზაქციების განსახორციელებლად იმ ირანულ ბანკებთან, რომლებიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იყვნენ.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა მკაცრად უნდა დასაჯოს საქართველოში მოქმედი ის პირები და სუბიექტები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის სქემებში არიან ჩართულნი", – წერია სტატიაში.

დღის ამბები