გამოცემა THE HILL-ში გამოქვეყნებულ სტატიას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს თბილისის მერი. კახა კალაძემ თქვა, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, არის ქვეყნის ღალატი.
"მუდმივი შემოტევა მიმდინარეობს საქართველოს მიმართ, თუმცა, ამ ტიპის განცხადებების გაკეთება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ვინც ასეთ მძიმე ფაქტებზე საუბრობს, რომელიც არ არსებობს რეალურად, ეს არის ქვეყნის ღალატი. მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდეს. ეს არის პირდაპირ ქვეყნის ღალატი, იმიტომ, რომ შენ საუბრობ იმის გათვალისწინებით, რა მძიმე სიტუაციაა რეგიონში, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, მთელი რეგიონი დაძაბულია და ყველა განიცდის იმ უბედურებას, რაც ხდება, უმძიმესი მდგომარეობაა, შესაბამისად, ამ ტიპის ცრუ განცხადებების გაკეთება, ძალიან საშიშია, ძალიან საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება," - აცხადებს კახა კალაძე.
საუბარია სტატიაზე, რომელსაც გამოცემა THE HILL აქვეყნებს. სათაურით "საქართველო ირანის მიერ სანქციების გვერდის ავლის ჰაბი ხდება". სტატიის ავტორი დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარი ქეთი ქორქიაა, რომელიც წერს, რომ საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.