ყულევის ტერმინალის ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებაზე შეფასებები გრძელდება.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, გარკვეული კითხვები ჟურნალისტურმა გამოძიებამ გააჩინა.
"არსებობდა ჟურნალისტური გამოძიება, საჯაროდ ხელმისაწვდომი, რომელმაც გააჩინა ეს კითხვები, არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ ევროპაში. ევროკავშირშიც დღის წესრიგში იდგა ეს საკითხი. საკმაოდ ავტორიტეტული ჟურნალისტური გამოძიება იყო ამის წყარო", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
ყულევის პორტთან დაკავშირებით, პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიგა ფარულავა ამბობს, რომ არც ერთი ქვეყნის ელჩის გადასაწყვეტი არ არის, ყულევის ტერმინალის სანქცირება მოხდება თუ არა.
"ელჩის გადასაწყვეტი არ არის, კონკრეტულ შემთხვევაში, ყულევის ტერმინალის სანქცირება მოხდება თუ არა. შეფასება ერთია, მაგრამ მტკიცებულებითი სტანდარტი არის მეორე, რომელიც ნამდვილად დასავლურ ქვეყნებს აქვთ მაღალ დონეზე," - აცხადებს გიგა ფარულავა.
ცნობისთვის, ყულევის პორტი სანქცირებას დაქვემდებარებული ობიექტების სიაში არ შევა. შესაბამისი ოფიციალური წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკომისარ დევიდ ო’სალივანისგან მიიღო.