კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებიან სასულიერო პირები. ისინი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან.
"უნდა ვილოცოთ და უფალს მოწყალება ვთხოვოთ. თქვენც ილოცეთ, რომ უფალმა შეგვიწყალოს და კიდევ გვიმყოფოს დიდხანს ჩვენი პატრიარქი," - განაცხადა დეკანოზმა, თბილისის ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარმა, მამა თეოდორემ (გიგნაძე).
"უნდა ილოცონ მოძღვრებმა, ეპისკოპოსებმა. ზეთისცხება ჩავუტარეთ და ახლა ყველამ უნდა ვილოცოთ. მეც ვიყავი ძალიან ცუდად და როცა უწმინდესი მოვიდა, წამოვდექი და 20 წელია დავდივარ. ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ უნდა ვილოცოთ და გვჯეროდეს, რომ კარგად იქნება," - აღნიშნა ქაშუეთის ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა ელიზბარმა.
ცნობისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რეანიმაციაში რჩება. ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში, კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ამ წუთებში, კლინიკაში ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები. ექიმების ინფორმაციით, მდგომარეობა საყურადღებოა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანა არ განიხილება, თუმცა სახელმწიფო მაქსიმალურ მზადყოფნაშია, თუ დადგება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საჭიროება, ეს მყისიერად მოხდეს.