პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებზე, სადაც მან ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართული კამპანიაზე ისაუბრა, შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, საეკლესიო შიდა საქმეებში ამ წლების განმავლობაში მხოლოდ "ქართული ოცნება" ერეოდა.
"ამასთან დაკავშირებით, მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ ვინმე ერევა ან ერეოდა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ეკლესიის შიდა საქმეებში, ეს იყო "ქართული ოცნება." არავინ, არცერთი პოლიტიკური ფრთის თუ ორგანიზაციის წარმომადგენელი, "ქართული ოცნების" ჩათვლით, არ უნდა ჩაერიოს საპატრიარქოს შიდა საქმეებში და მით უმეტეს ახალი პატრიარქის არჩევაში", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ.
პატრიარქის ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე და ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართული კამპანია - თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "იმედის" ეთერში ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გლოვის დღეებში მოქალაქეების უპრეცედენტო ერთიანობა არის პასუხი იმ სიყალბეზე და მიზანმიმართულ სიძულვილის კამპანიაზე, რომელსაც რადიკალური ჯგუფები წლების განმავლობაში აწარმოებდნენ. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ფარისევლობაა ოპონენტების მცდელობა დააკნინონ ეკლესიის როლი. ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური შეტევა კი ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევას ისახავს მიზნად, რასაც ქართული საზოგადოება არ დაუშვებს.