28 ოქტომბერი 2026,   00:58
ვრცლად
გვაქვს შენიშვნები, კონკრეტული კითხვები, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით - გიგა ფარულავა ფასების შემსწავლელ კომისიაზე

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მათ განსაკუთრებული მოლოდინი არ ჰქონიათ, რომ ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობა ეფექტური იქნებოდა და პროცესი სურსათისა და მედიკამენტების ფასების გაიაფებაზე გავლენას მოახდენდა.

გიგა ფარულავას განცხადებით, ყველაფრის მიუხედავად, მათი პოლიტიკური გუნდი აქტიურად აგრძელებს კომისიაში მონაწილეობას.

მისივე თქმით, პარტიას აქვს კონკრეტული შენიშვნები და კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

"ამ კომისიის ფარგლებში, განსაკუთრებული მოლოდინი თვიდან ნამდვილად არ გვქონია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის სასურსათო, თუ მედიკამენტების, ან სხვადასხვა მომსახურების ნაწილში, ფასები გაიაფდებოდა და ხელმისაწვდომი იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ამ კონკრეტულ კომისიაში. გვაქვს შენიშვნები, კონკრეტული კითხვები, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია ისევ იკრიბება. სხდომა ამ წუთებში იწყება.

დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში, ამჯერად, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ელოდებიან. მათთან ერთად მოხდება მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა.

დღის ამბები