15 ოქტომბერი 2026,   21:54
ვრცლად
გვაქვს საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები შეერთებულ შტატებთან რეალური პარტნიორობის დაწყების მიმართულებით - ლევან მაჭავარიანი

მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. მმართველი გუნდის შეფასებით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, დადებითი სიგნალია ორი ქვეყნის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში იძლევა იმის საფუძველს, რომ ოპტიმისტური მოლოდინები არსებობდეს. 

"ძალიან სასიამოვნო სიგნალებია ზოგადად. დავიწყოთ იმით, რომ ბატონი მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა თავის კოლეგასთან, დაპატიჟებული იყო და იქ ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები იყო. შემდეგ ბატონი ნიკა სამხარაძე ვიხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქაც უმაღლესი რანგის შეხვედრები იყო. ამ შემთხვევაში, ბატონი რუბიოს ზარი პრემიერ მინისტრთან და ეს ყველაფერი გვაძლევს ერთობლიობაში იმის საფუძველს, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რეალური პარტნიორობის დაწყების მიმართულებით. ჩვენ ბევრჯერ გაგვიცხადებია, რომ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძალიან გაჭიანურდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი პოზიცია იციან, რომ ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, რომ გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც პირდაპირ გაწერილი იქნება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა მხარემ, ამერიკულმა მხარემ, რომ ორივეს ინტერესები იყოს გათვალისწინებული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოლოდინის რეჟიმში ვართ, მოლოდინი ოპტიმისტურია," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები