"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს განაგრძობს. კონფერენცია დღეს შეკვეთილში ჩატარდა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები განიხილეს, ადგილზე დაიგეგმა ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტებიც.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრის, მარიამ გრიგოლიშვილის განცხადებით, ამ შეხვედრების მიზანია მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის განვითარების პროცესში.
"გავიზიარეთ ის ძალიან მნიშვნელოვანი იდეები, რაც ახალგაზრდების მხრიდან გაჟღერდა. ასევე, ვუპასუხეთ სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრების მიზანი გახლავთ ის, რომ მოვიცვათ მთელი საქართველო, რადგანაც ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ჟღერს ახალგაზრდების ხმა, სადაც მათი გამოწვევები გადაჭრას ექვემდებარება და სადაც ისინი ჩართულები არიან პოლიტიკურ პროცესებში,"- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.
შეხვედრები მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.
ავტორი: ია გოლიაძე