15 ივნისი 2026,   05:02
ვრცლად
ბზა - მარადმწვანე მცენარე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოში სიცოცხლის, სიწმინდისა და განახლების სიმბოლოდ ითვლება და რომელსაც დაცვა სჭირდება

ბზა - მარადმწვანე მცენარე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოში სიცოცხლის, სიწმინდისა და განახლების სიმბოლოდ ითვლება. მისი სურნელი, ფერი და სიმყარე თითქოს ბუნების მუდმივობას გვახსენებს.

კოლხური ბზა, რომელიც ჩვენი ტყეების უნიკალური ნაწილია და წითელ ნუსხაშია შეტანილი, გადაშენების რეალური რისკის წინაშე დგას. ბოლო წლებში, ბზის მასიური გახმობა, მავნებლების გავრცელება და კლიმატური ცვლილებები მნიშვნელოვნად აზიანებს ამ მცენარეს.

მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანის ფაქტორი — ბზის უკონტროლო მოჭრა.

განსაკუთრებით გაზაფხულზე, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, მოთხოვნა იზრდება და ბუნებაზე ზეწოლაც ძლიერდება.

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ბზობის დღესასწაულს ზეიმობს - დღეს, რომელიც იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს, მორწმუნეები ეკლესიაში ბზის ტოტებით მიდიან — როგორც სიხარულისა და გამარჯვების სიმბოლოთი.

სწორედ ეს ტრადიცია გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კოლხური ბზა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ხშირად, მისი მოჭრა ხდება უკონტროლოდ, ბუნებისთვის მძიმე შედეგებით. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ბზა ჩვენი ქვეყნის ტყეებიდან საერთოდ გაქრეს.

კოლხური ბზა, როგორც წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარე განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს. მისი დაცვა მხოლოდ ეკოლოგიური საკითხი არ არის — ეს ჩვენი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება.

გამოსავალი არსებობს და ის თითოეული ჩვენგანის არჩევანში იწყება. არ უნდა მოვჭრათ ბზა. ამის ნაცვლად, შეგვიძლია, შევიძინოთ ქოთანში დარგული. ასევე, შესაძლებელია დეკორატიული ბზის ან სპეციალურად გაშენებული ნერგების გამოყენება, რომელიც ველურ გარემოს არ აზიანებს.

რადგან ტრადიცია მაშინ არის ძლიერი, როცა ის მომავალ თაობას გადაეცემა, ამიტომ უნდა მოვუფრთხილდეთ საქართველოს ეკოსისტემას და პირვანდელი სახით შევუნარჩუნოთ ჩვენს შთამომავლობას.

ბზა ჩვენი ისტორიის, რწმენისა და ბუნების ნაწილია, მისი დაცვა კი - თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა.

დღის ამბები