სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობა დასკვნით ეტაპზე გადადის. კანონმდებლები სავარაუდოდ, ხვალ შემაჯამებელ სხდომაზე შეიკრიბებიან, დღეს კი კომისიის წევრები საწვავის ფასების განსახილველ შეხვედრაზე 5 ნავთობკომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან.
კომისიის მუშაობასთან მიმართებით სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას.
"ერთადერთი, რამაც შეიძლება გამოასწოროს ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, არის მათი ანაზღაურების ზრდა. მოლოდინი ამ ფასების კომისიის მუშაობისგან ან დასკვნისგან არ გვაქვს - რაც არ უნდა კარგი დასკვნა დაიდოს ქაღალდზე, სამწუხაროდ, რეალურად, ეს ვერ გადაჭრის ფასების პრობლემას," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე.
კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრით, სხვადასხვა კომპანიის წევრებთან გასაუბრებები დასრულდება.
"შეხვედრა გვექნება საწვავის წარმომადგენელ კომპანიებთან - ხუთი წამყვანი კომპანია იქნება წარმოდგენილი. მათთან ერთად გავივლით სექტორში მიმდინარე პროცესებს - როგორ ხდება ფასწარმოქმნის ჯაჭვი. აქაც უნდა აღვნიშნო, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვი მნიშვნელოვნად მოკლეა, ვიდრე ეს არის საკვებ პროდუქტებთან ან მედიკამენტებთან. კომისიის ფარგლებში, ჩვენ უკვე ორი კვირაა ვმუშაობთ საბოლოო დასკვნაზე, საკვებ პროდუქტებთან და მედიკამენტებთან დაკავშირებით დასკვნა უკვე მზად გვაქვს," - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილმა.