ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ მოკავშირეებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილს პოლიტიკური მომავალი არ აქვს, მათი ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ კი ფორმალურია. სააკაშვილი ამბობს, რომ საუბრობს ძალებზე, რომლებიც ბოლო დღეებში მას თავს ესხმიან.
"წინა დღეებში ჩემზე წამოსული თავდასხმები არც შემთხვევითი იყო, არც მოულოდნელი. ის, რომ "ოპოზიციის" ნაწილი ივანიშვილს მხოლოდ ფორმალურად ებრძვის და ძირითადად ჩემი კბენით არის დაკავებული ახალი არაა.
და რას ვეუბნები მე ოპოზიციას ისეთს, რამაც აღაშფოთა - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო", იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავში მონახონ ძალა ნამდვილი ბრძოლისთვის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ ოპოზიციური ლიდერების საჯარო კრიტიკა და სოციალურ ქსელებში დაპირისპირება კონსოლიდაციას ხელს უშლის.
"არის გამუდმებული Facebook გარჩევები, ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფა, თავდასხმები. ეს არავის არ გვჭირდება, არასოდეს ოპოზიციაში ამ ტიპის თავდასხმებს არ მოუტანია შედეგი. კრიტიკას ვერავინ ვერ აკრძალავს, მაგრამ თავდასხმები და სხვადასხვა ტიპის სახელის გატეხვის მცდელობები, მგონია, რომ ჩვენი საერთო საქმისათვის არასწორია. ყველა მიმაჩნია მოკავშირედ ამ წუთისათვის, ყველა ის ადამიანი, ვისაც გასწორებული აქვს თავისი კომპასი," - აცხადებს ნუგზარ წიკლაური ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში.